ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ აუდიო-ჩანაწერი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა, ავთენტური არ არის.
არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები კი დღეს სასამაღთლოს გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ერეკლე “კოპე”, არ აღიარებს დანაშაულს და მსგავს “ქურდულ გარჩევებში” და ფინანსურ საკითხთან მონაწილეობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. დასახელებულ პირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობს. აღიარებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან… ხმაზე, ექსპერტიზა გაკეთებული არ არის. ავთენტურობაც რა თქმა უნდა [ეჭვ ქვეშ დგება] . არ იცნობს არც ნოდარ შუკაკიძეს და არც ლევან მარღიას”- განაცხადა “ტვ პირველთან” ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
კიდევ ერთი დაკავებულის, ბექა მაჭარაშვილის ადვოკატი, ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ ბრალდებულების აყვანა თბილისსა და საგურამოში მოხდა.
“ყოველ შემთხვევაში არ არის კვეთაში ნოდარ შუკაკიძესთან. ვისაც მე ვიცავ არ არის კავშირში ქუჩაში ადამიანების გაჩერებისა და სესხის აღების ეპიზოდთან. ძირითადი მტკიცებულება ვიდეო და აუდიო ჩანაწერებია”- აცხადებს ადვოკატი.
13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა – როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკაბიძემ განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე დამატებით შვიდ ადამიანს ბრალი წაუყენეს: ხუთს პენიტენციურ დაწესებულებაში, ორს კი საზღვარგარეთ დაუსწრებლად.
დასახელდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მათგანი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.
დაკავებულთა შორისა ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე.
შს ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“.
