ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მძღოლი, რომელიც ტრაქტორს მართავდა. ადგილობრივების თქმით, მან კაბინიდან გადახტომა მოასწრო.
ამ დროისთვის, ნაფეტვრების გზაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე პოლიცია და გეოლოგები არიან მობილიზებულები.
მას შემდეგ, რაც კლდემ ჩამოშლა დაიწყო, პოლიციამ იოსელიანის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის საფრთხის ქვეშაა 3 ოჯახი, რომელთა სახლებიც პირდაპირ კლდის თავზე დგას.
ადგილობრივები კლდის ჩამოშლის მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ასახელებენ.
“ჩამოინგრა კლდე, დანელიას ქუჩაზე. ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით, გვაქვს დასკვნა 2023 წელს დადებული, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად აკრძალულია, ჩამოიშლება ფერდი. ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ, იცოდა “იდეა პანორამამ“, თუმცა, მათ მოიპოვეს, არ ვიცი, რა გზებით, ეგ გაარკვიოს იმან, ვისაც ხელეწიფება, მოიპოვეს კერძო გეოლოგის დასკვნა, და წამოიწყეს მშენებლობა კვლავ. ზედამხედველობიდან იყვნენ და მოუწოდეს მოსახლოებას, რომ კონკრეტულად, ამ 2-3 სახლში არ უნდა შევიდნენ, ვინაიდან, ძირი ლამის გამოთხრილია. მოყოლილია ტრაქტორი, ლოდების ქვეშ, მძღოლმა კი, ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც მუშაობდა, მოასწრო წამებში გადმოხტომა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ცნობილი ხდება, კორსპუსს სამშენებლო კომპანია “იდეა დეველოპმენტი“ აშენებს.
კომპანიის წარმომადგენელის თქმით, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ამის დამდასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ.
