„ქართული ოცნება“ საჯარო სექტორში პრემია-დანამატების დაბრუნებას გეგმავს. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ის სისტემა, რომელიც წლების წინ კორუფციის რისკების მოტივით შეიზღუდა, კვლავ ამოქმედდება.
ინიციატივის თანახმად, მერების, მინისტრების მოადგილეებისა და სახელმწიფო რწმუნებულების დამატებითი ფინანსური წახალისება ისევ შესაძლებელი გახდება, თუმცა ახალი ფორმულირებით – პრემიის ნაცვლად მას „ჯილდო“ ეწოდება. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
“ტვ პირველის” კითხვაზე, რა მიზეზით აბრუნებენ აღნიშნულ კანონს, “ქართული ოცნების” დეპუტატები არ პასუხობენ.
მკვლევარები ამბობენ, რომ თავის დროზე აღნიშნული კანონი მომატებული კორუფციული რისკის გაუქმდა, ამიტომ ახლა გაუგებარია, რა მიზეზით აბრუნებენ აღნიშნულ კანონს, როცა ეს რისკი კიდევ არსებობს.
“საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, სანდრო ქევხიშვილის თქმით, კანონპროექტში ასევე არაფერი წერია, როგორ უნდა მოხდეს კორუფციული რისკის დაზღვევა.
“ქართული ოცნება” ერთადერთი მიზეზით ხსნის ამ კანონპროექტის საჭიროებას, ეს არის სამართლიანობა მათი გაგებით, რომ მინისტრების მოადგილეებს და მერების მოადგილეებს, მაგალითად, რატომ არ შეიძლება, ჰქონდეთ დანამატები ან ჯილდოები, თუ ეს შეუძლია, ჰქონდეს ნებისმიერ საჯარო მოხელეს. პრობლემა აქ ის არის, რომ თავის დროზე ეს შესაძლებლობა დანამატების და ჯილდოების გაუქმდა მომატებული კორუფციის რისკის გამო და ეს პრობლემა არსად წასულა. ახლა თავად “ქართული ოცნება” აღიარებს, რომ განსაკუთრებით მაღალ თანამდეობის პირებს აქვთ ეს პრობლემა და ამიტომ გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ კორუფციის რისკის დაბრუნება. კანონპროექტში არაფერი წერია როგორ დაიზღვევა ეს კორუფციული რისკი. ანუ, ვთქვათ, რომელიმე მინისტრს ან მერი თუ გადაწყვეტს კორუფციული გზით, დაუმსახურებლად გაუზარდოს ხელფასი ან დანამატი ჯიდლოს სახით მის მოადგილეს, ვინ შეამოწმებს ამას? ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში მთელ რიგ მაღალი თანამდებობის პირებს გაეზარდათ ხელფასები რამდენიმეჯერ. ანუ თუ, ვთქვათ, პრობლემა ის არის, რომ ეს მოადგილეები ბევრს მუშაობენ და მათ სჭირდებათ მეტი ანაზღაურება, მაშინ ხელფასის მომატება რატომ არ შეიძლება, როგორც ეს ხდება სხვა პოზიციების შემთხვევაში?, – ამბობს სანდრო ქვეხიშვილი.
