უკრაინულმა მომლაპარაკებელთა ჯგუფმა დიდი ხნის წინ გადასცა რუსეთს სიები „1000 1000-ის სანაცვლოდ“ ტყვეების გაცვლის ფორმატისთვის, თუმცა მოსკოვი ამ პროცესს აჭიანურებს და ამაში უკრაინას ადანაშაულებს.
ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
მისი თქმით, გაცვლაზე მუშაობა არ შეჩერებულა, თუმცა პროცესი ჭიანურდება.
„მაშინაც კი, როცა რუსებთან რაღაცაზე თანხმდები, ვერასდროს იქნები 100%-ით დარწმუნებული, რომ რუსული მხარე შეასრულებს ვალდებულებებს. სინამდვილეში, მუშაობა არ შეჩერებულა. მუშაობა და მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლუბინეცმა.
მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა ყველა ვალდებულება: სიები გადაცემულია და მომლაპარაკებელმა ჯგუფმა შეასრულა ყველა ვალდებულება. ახლა გადაწყვეტილება რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა მოსკოვი პროცესს აჭიანურებს და ცდილობს მანიპულირებას.
შეგახსენებთ, 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა. მისი განმარტებით, დროებითი ზავი მოიცავდა თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 ტყვის გაცვლას. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა ტყვეების გაცვლის არცერთი წინადადება არ წარმოადგინა და „რადარებიდან გაქრა“. „ისინი საერთოდ გაქრნენ რადარებიდან და პირდაპირ განაცხადეს, რომ ამ გაცვლისთვის მზად არ არიან“, – აღნიშნა პუტინმა.
