ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში აშენებული პარკების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საუბარია „ციცინათელაზე“, მუსიკოსთა და მინიატურების პარკებზე, რომელთა შესანახად საქართველოს მოქალაქეები, ჯამში, 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტს გადაიხდიან.
პარკები, რომლებიც ივანიშვილმა წლების განმავლობაში საკუთარი პროექტების ნაწილად წარმოადგინა, ახლა სახელმწიფოს ბალანსზეა გადაცემული. შესაბამისად, ობიექტების მოვლა-პატრონობისა და ფუნქციონირების ხარჯებს ბიუჯეტი დაფარავს.
რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც კერძო ინიციატივით შექმნილი ინფრასტრუქტურის შენახვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობად იქცა — ამ კითხვაზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ შეკვეთილში არსებული პარკების სახელმწიფოსთვის გადაცემა ივანიშვილის „ქველმოქმედების“ კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც კერძო პროექტების შენახვის ხარჯი საბოლოოდ ბიუჯეტზე გადადის. მათი შეფასებით, არამომგებიანი აქტივების სახელმწიფოსთვის გადაბარება „დიდსულოვნების“ ფორმით არის წარმოდგენილი, თუმცა რეალურად დამატებით ფინანსურ ტვირთს მოქალაქეები იღებენ.
ივანიშვილის ქველმოქმედება, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე აფიორა გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი ობიექტები, რომელი ობიექტების მშენებლობაც წამოიწყო და მერე მიხვდა, რომ ეს იყო მისთვის ფინანსური ზარალი და არ იყო მომგებიან აქტივი, ამიტომ დაიწყო შემდეგ ამ არამომგებიანი და წამგებიანი აქტივების მიცემა სახელმწიფოზე და თითქოს ეს არის რაღაც დიდსულოვნება. კერძო ბიზნესის საქმეა სკვერები, ატრაქციონები, კონცერტების ჩატარება და ა.შ. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება იმ პროექტებში, რა პროექტებსაც ახლა ახორციელებს ეს ე.წ. სტარინგ ჯორჯია. წლის დასაწყისშივე იყო პროგნოზირებადი, რომ სეზონი რომ მოვიდოდა, გასაკეთებელი რომ იქნებოდა… დღეს ხომ არ ნახეს? მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სტრუქტურულად გაუმართავები არიან, გამარტივებული შესყიდვა კიდევ ამათ ხელში არის ფულის საკეთებელი საშუალება, – ამბობს ბესიკ დონაძე.
ირაკლი აბესაძე კი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის ქველმოქმედების გარშემო არსებულ გაუმჭვირვალობაზე და აცხადებს, რომ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშები წლებია საჯარო აღარ არის. მისი თქმით, ქველმოქმედების უკან ხშირად კონკრეტული პოლიტიკური თუ პირადი ინტერესები იკვეთება.
ეს არ არის ის პროექტები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს გადაეცა, რომელზედაც დიდი ხარჯის გაწევა უწევს სახელმწიფოს და ხშირ შემთხვევაში წამგებიანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ის ბუნდოვანება, რომელიც ივანიშვილის ქველმოქმედდებას უკავშირდება, მხოლოდ ამით არ შემოფარგლება. რა თქმა უნდა, გავიხსენოთ, რომ ფონდის ანგარიშები უკვე 5 წელია გასაიდუმლოებულია და შეუძლებელია, აკეთებდე კეთილ საქმეს და არღვევდე კანონს და არ აბარებდე ანგარიშს საზოგადოებას რას აკეთებ. ივანიშილის ქველმოქმედების უკან მუდმივად დგას გარკვეული პირადი ინტერესები. ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური დივიდენდის დაგროვება, პირადი სარგებლის მიღება ან საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს დაზიანებაც კი, – ამბობს ირაკლი აბესაძე.
