საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე დოპინგ-სკანდალზე გამოტანილ განაჩენზე პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს.
სპორტსმენის თქმით, World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აზრი არ აქვს – “რა გავასაჩივრო? ეგეთი სამართალი აქვთ”.
როგორც მერაბ შარიქაძე აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს დისკვალიფიკაცია 6 წელი ექნება თუ 11. სპორტსმენმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“რა აზრი აქვს მაგის გასაჩივრებას, სამართალი არ არის მანდ და რა აზრი აქვს, რა გავასაჩივრო. ეგეთი სამართალი აქვთ. არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი. ჩემთვის ახლა 6 წელი მექნება თუ 11, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ეს გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის, უბრალოდ მე გავასაჩივრე და თავიდან 6 წელი მომისაჯეს და გასაჩივრების მერე 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის” – განაცხადა მერაბ შარიქაძე.
ცნობისთვის, დოპინგ-სკანდალზე განაჩენი ცნობილია – World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში” მონაწილეობის გამო 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ასევე, დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს, ნუცა შამათავას, რომელსაც სპორტულ სფეროში მოღვაწეობა 9 წლით აეკრძალა.
