“ქართული ოცნების” წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შეყალების რეკომენდაციის გაცემა ახალ პატრაირქს შეუძლია, თუმცა შეწყალებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა პატრიარქის რეკომენდაცია გაითვალისწინოს, შარმანაშვილი ამბობს, რომ “შეიძლება”.
“რეკომენდაცია რა თქმა უნდა აქვს ახალ პატრიარქს. მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გაითვალისწინოს (პრეზიდენტმა), მაგრამ დანამდვილებით ჩემი მხრიდან უხერხულია საუბარი ის, რაც ჩემი უფლებამოსილება არ არის” – განაცხადა შარმანაშვილმა.
“ქართული ოცნების” წევრს ჟურნალისტებმა დღეს ჰკითხეს, არის თუ არა თავად მომხრე შეწყალების, რაზე პასუხადაც შარმანაშვილმა თქვა, რომ შეწყალება “უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს”.
“ჩემი პოზიცია ის არის, რომ მაცხოვარი ერთ რამეს გვეუბნება პატიმრებთან მიმართებაში -“ჩემთან რომ მოხვალთ მე გეტყვით, ციხეში რომ ვიყავი, რატომ არ მნახეთო. თქვენ შემეკითხებით, მე თქვენ არ გიცნობდით, საიდან უნდა მენახეთ-თქო. ყველა მოყვასი, რომელიც ციხეში იყო და არ ნახე, მე ვიყავიო”. აქედან გამომდინარე, წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით, შეწყალება უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს. დარწმუნებული ვარ, რაღაცა გამოსავალი აქედან გამოინახება. მე ზოგადად ჰუმანურობისკენ ყოველთვის გადავიხრები”, – განაცხადა შარმანაშვილმა.
