მიტროპოლიტმა ტიხონმა, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) წინამძღოლმა, ორშაბათს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობა შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მისი არჩევის შემდეგ.
„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და საუკუნოვანი განსაცდელებისა და გაძლების ჟამს ურყევი მოწამეობით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში“, – წერს მიტროპოლიტი ტიხონი. „თქვენი ეკლესიის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვლოცულობ, რათა უფალმა მოგმადლოთ თქვენო უწმინდესობავ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვი მადლი ამ წმინდა მსახურების შედგომისას“.
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ასევე ისაუბრა განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის მემკვიდრეობაზე და მის წინამძღოლობას უწოდა შთაგონების წყარო მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.
„თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის, სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია II-ის დალოცვილ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშიცა და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშიც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ლოცვებითა და მაგალითით, ისევე როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით განმტკიცებული თქვენო უწმინდესობავ, კვლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამობრივი მზრუნველობით“.
