პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებული ხუთი პოლიციელის დაკავება სისტემური დანაშაულის სრულფასოვან გამოძიებას არ ნიშნავს. წერილში, რომელსაც სხვიტარიძე ციხიდან ავრცელებს, წერს, რომ მისი ცემისა და წამების საქმეში მონაწილე პირების უმეტესობის ვინაობა გამოძიებისთვის უკვე ცნობილია, თუმცა, მისი თქმით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ.
სხვიტარიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს და წერს, რომ ძალადობის პროცესს ესწრებოდნენ და ბრძანებებს გასცემდნენ სამართალდამცველები, ხოლო უშუალო მითითებები, მისი თქმით, მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. პატიმარი აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ ცალკეულ გადაცდომას არ ეხება და ქვეყანაში ადგილი აქვს „სისტემურ დანაშაულს“.
“ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს. მართლა რომ უნდოდეთ სისტემური ძალადობის გამოძიება, ბევრად მეტი მოძალადე იქნებოდა უკვე დასჯილი. მაგალითად, მე დაზარალებულად მცნეს. თითქმის ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია, რამდენიმე ნიღბიანის გარდა. ესენი არიან: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და თედორე გიორგაშვილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ცემის ბრძანებებს გასცემდნენ და თავადაც ესწრებოდნენ ჩემს წამებას. ოთახში იმყოფებოდა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილიც. უშუალო ბრძანებები კი მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. უცნობია მხოლოდ ნიღბიანი პირები, რომელიც უშუალოდ მირტყამდნენ. ეს ყველაფერი გამოძიებისთვის ცნობილია. პერიოდულად ისევ მკითხავენ ამ საქმეზე, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ. ამიტომ არ მჯერა არანაირი „ქოცების შემობრუნების“. ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია. ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს. წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა. ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია”, – წერს სხვიტარიძე.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
