რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულისკენ მიდის. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მოსკოვში, ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქმე კონფლიქტის დასრულებისკენ მიდის“.
პუტინის თქმით, მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და რუსეთის მთავარი მიზანი „უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“. კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას მესამე ქვეყანაშიც განიხილავს.
რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადებები 9 მაისის ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაკეთდა, როდესაც პუტინი მოსკოვში შეკრებილ ჟურნალისტებს შეხვდა.
„მე ვფიქრობ, რომ საქმე დასასრულისკენ მიდის,“ — განუცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებს.
დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ხელისუფლების ნაწილი კი კვლავ მიიჩნევს, რომ კრემლი ომის დასრულებაზე საუბარს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.
