საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი ამბობს, რომ ძალადობაში მხილებული ძალოვანების საქმე ცალკეულ ინციდენტებს არ ეხება და საუბარია სისტემურ პრაქტიკაზე. მისი შეფასებით, სხვადასხვა დროსა და ლოკაციაზე დაფიქსირებული ძალადობრივი ქმედებები ერთმანეთის მსგავსი მოდელით ხორციელდებოდა, რაც, ონიანის თქმით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებზე მიუთითებს.
“ჩვენ აქ ვსაუბრობთ არა უფლებამოსილების გადამეტებაზე, როგორც ახლანდელი კვალიფიკაციაა საქმის, არამედ ვსაუბრობთ წამებაზე, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე და არა ერთეულ შემთხვევებზე, არამედ ამ ფაქტების სისტმეურობაზე. სხვადასხვა თარიღში, სრულიად სხვადასხვა ლოკაციაზე, საპოლიციო დანაყოფები იყენებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებულ ქცევის მოდელებს. ეს ქცევის მოდელები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და შესაბამისად, ამ ფაქტების ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს სისტემურობის დეფინიციას.
პროკურატურა ჩვენ სრულ მასალებს არ გვაძლევს, გადმოგვცეს მხოლოდ ის მასალები, რაც, მათი თალსაზრისით, შემხებლობაშია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან და ამ მასალებშ ჩვენ რეალურად 2025 წლის მარტიდან დღემდე ვერ ვხედავთ ვერცერთ ჯეროვან საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ამ გამოძიებას რაიმე შედეგამდე მიიყვანდა და პირველი შეკითხვა, რომელიც აქ უნდა დავსვათ, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების მიღმა, არის პროკურატურამ გამოითხოვა თუ არა შსს-დან უსაფრთხოების გეგმა. ამ გეგმაში უნდა იწერებოდეს აბსოლუტურად ყველა მონაცემი – რომელი დანაყოფები რა ტერიტორიაზე არიან განლაგებული, რით არიან აღჭურვილნი”, – ამბობს თამარ ონიანი.
ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის ცემის საქმეები პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
