რუსეთის უმსხვილესმა ონლაინ მაღაზიებმა, Wildberries-მა და Ozon-მა, სომხეთიდან იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია ნაწილობრივ შეაჩერეს.
მიზეზად ახალი საბაჟო მოთხოვნები დასახელდა, რის გამოც გამყიდველებისგან დამატებით დოკუმენტაციას ითხოვენ. ერევანში კი აცხადებენ, რომ Wildberries-თან დაკავშირებული მოვლენების უკან ორი სომხური ოპოზიციური პარტია დგას.
“რუსეთში იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმების პროცედურების ცვლილების გამო, სომხეთიდან მიწოდებისას დროებითი სირთულეები შეიქმნა“, – დაწერა სომხეთში Ozon-ის ხელმძღვანელმა, ჰაიკ კარაპეტიანმა Facebook-ის პოსტში.
კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიწოდების შეფერხების გამო მომხმარებლების მიერ შეკვეთების გაუქმების თავიდან ასაცილებლად, მათ „დროებით დამალეს ამ პროდუქტების ჩამონათვალი რუსი მომხმარებლებისთვის“.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ სომეხი მეწარმეების ყველა ის პროდუქტი, რომელიც „რუსეთში Ozon-ის საწყობებშია განთავსებული, შეზღუდვების გარეშე იყიდება“, ხოლო სომხეთის შიგნით ადგილობრივი გამყიდველების პროდუქციაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.
პარალელურად, მსგავსი განცხადება გაავრცელა Wildberries-მაც. კომპანიამ აღნიშნა, რომ საბაჟო რეგულაციებში ცვლილებები 20 აპრილიდან ამოქმედდა.
“კომპანია მუდმივ დიალოგშია პარტნიორებთან და შესაბამის სტრუქტურებთან და ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
