სიმართლე გითხრათ, თავს შევიკავებდი დასკვნის კრიტიკისგან, თუმცა, ის რეკომენდაციები, რაც საბოლოოდ, დასკვნამ გასცა, ყველანაირად სცდება “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
პაატა სალიას განცხადებით, დასკვნა არის დაუსაბუთებელი, რადგან ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ აისახა. რაც შეეხება კითხვას, ჰააგის სასამართლოში წავა თუ არა ეს დასკვნა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნაც არასერიოზულია.
„ასეთ რეკომენდაციებს რომ გასცემს ეს დასკვნა, სწორედ ამიტომ არის არასერიოზული და სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მისი კრიტიკა. სხვაგვარად ასეთი დასკვნები რომ არ დაეწერა, არ შევიდოდი ამ დასკვნის კრიტიკაში, მაგრამ ის, რაც ექსპერტმა დასკვნით ნაწილში რეკომენდაციების სახით დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, ასევე ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, ეს წარმოუდგენელია. აისახა მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები. ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და არ აისახა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. რაზეც მათივე მხრიდან იყო მოთხოვნა, წარვუდგინეთ, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი დასკვნაში არ მოხვდა. არ აჩენს ეს კითხვებს, რატომ არ ხდება მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები დასკვნაში? არ აჩენს კითხვებს, რატომ არის დასკვნა ძირითადად დამყარებული პოლიტიკურ განცხადებებზე, გადაუმოწმებელ ფაქტებზე? როცა გექნებათ შესაძლებლობა, გეკითხათ იმ ქალბატონისთვის, ვინც ეს დასკვნა დაწერა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 150 გვერდიანი ინფორმაცია“,-განაცხადა პაატა სალიამ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საპროტესტო აქციების დროს, შესაძლო ძალადობის გამო დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცველი ამ დრომდე, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეს, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება ვერ მოხდა.
„უკაცრავად, სპეცრაზმელის სახე ჩანს? ამ ეტაპამდე ვერ მოხდა იდენტიფიცირება, მიმდინარეობს გამოძიება. არის საქმეები, რომელიც შეიძლება ცხელ კვალზე გამოიძიო და არის საქმეები, სადაც არის გართულებული ობიექტური მიზეზის გამო, მტკიცებულებების მოპოვება“,- განაცხადა პაატა სალიამ.
