სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი, ფოთისა და ხობის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპებს აქვეყნებს.
მიტროპოლიტ გრიგოლის წერილს, რომელიც ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ.
„გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე, და მოხედე ვენახსა ამას, და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან“
ძვირფასო ძმანო და დანო, დედანო და მამანო, დედა ეკლესიისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლოს წინაშე, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა, კათოლიკოს-პატრიარქთა და მამამთავართა წინაშე, ქედს ვიხრი სიმდაბლითა და მორჩილებით, და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით.
წმიდა ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივი ღვაწლის შედეგად, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარადიულმა სიტყვამ პირველივე საუკუნეში შემოაღწია ქართველთა შორის და მის გულში ჰპოვა დასაყრდენი, ხოლო IV საუკუნეში, კაპადოკიელი ქალწული ნინოს ქართლში მობრძანებით და ღვთის სიტყვის დაუცხრომელი ქადაგებით, ზეგარდამო მადლმა მოიცვა მეფე მირიანი: თხოთის მთაზე აღსრულებული სასწაულის შემდეგ, მცხეთის უწმიდეს ემბაზში ნათელ იღო მეფის ოჯახმა, სამეფო კარმა და ერის დიდებულებმა, რითაც სათავე დაედო ქრისტეს სჯულზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ამ დღიდან მოყოლებული, 1700 წლის განმავლობაში, სისხლხორცეულად შეითვისა და შეიყვარა ქართველმა ერმა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის ჯვარცმული, და შემდგომად სამისა დღისა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი – იესო ქრისტე, და საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანობა ქართველთა იდენტობის ნაწილად იქცა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია V საუკუნიდან ანტიოქიის ეკლესიისგან ხელდასხმით ხდება ავტოკეფალური და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, იკავებს გამორჩეულ საპატიო ადგილს; ქართველი ერის სულიერ ცხოვრებას საუკუნეთა განმავლობაში უძღვებოდნენ მთავარეპისკოპოსები, კათოლიკოსები, კათოლიკოს-პატრიარქები; ასე მოვედით დღემდე, მიუხედავად ჟამთა ავბედითობისა და დიდი განსაცდელებისა.
მიმდინარე წლის 17 მარტს ღვთივმიიცვალა ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II; დაქვრივდა საქართველოს საპატრიარქო ტახტი. საქართველოს სამოციქულო ეკლესია დადგა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე: არჩეულ უნდა იქნას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლისა საქართველოისა.
ჩვენ აღმოვჩნდით განუზომელი პასუხისმგებლობის ქვეშ, როგორც ჩვენი ერისა და ეკლესიის ისტორიული წარსულის, ისე მისი მომავლის წინაშე. ვირჩევთ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს; ვირჩევთ უვადოდ, სიცოცხლის ბოლომდე.
არჩევნებში მონაწილეობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 39 მღვდელმთავარი, თუმცა არჩევნების შედეგი სამომავლოდ აისახება როგორც ჩვენი დედა ეკლესიის, ასევე ერისა და ქვეყნის ცხოვრებაზე.
ამიტომ,დიდი სიმდაბლითა და მოკრძალებით, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით დედა ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლი, როგორც სამთაგან ერთ-ერთმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ხედვები ეკლესიაში დღეს არსებული მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირების შესახებ, რაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ეკლესიის გაძლიერება-განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების სულიერი ერთობის მისაღწევად გადასადგმელ ნაბიჯებს წარმოადგენს:
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების სრულ თანხმობაში მოყვანა (ჰარმონიზაცია) ტრადიციასთან და თანამედროვეობის გამოწვევებთან.
დებულება, როგორც ეკლესიის სტრუქტურული წესრიგის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სრულ თანხმობაში უნდა იყოს სამოციქულო ტრადიციასთან, კანონიკურ სამართალთან (სჯულის კანონთან) და ეკლესიის მამათა სწავლებასთან. ამჟამინდელ დებულებაში არსებობს რიგი ნორმებისა, რომლებიც ზოგიერთი საკითხის მიმართ ბუნდოვან განმარტებას იძლევა, ანდა ნაწილობრივ სცილდება საეკლესიო წესრიგის ტრადიციულ აღქმას. ასეთი შეუსაბამობა (ან თუნდაც ბუნდოვანება) იწვევს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და სამართლებრივ გაუგებრობას. ამასთან, დებულების სხვადასხვა ნაწილები ზოგჯერ ვერ სცემს საკმარისად მკაფიო პასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, ან საერთოდაც არ იძლევა პასუხს, რის გამოც ირღვევა წონასწორობა ეკლესიის უცვალებელ საფუძვლებსა და ცვალებად გარემო პირობებს შორის.
◾ საკითხის გადაჭრა
საჭიროდ მიგვაჩნია საეკლესიო დებულების განახლება, რაც უნდა განხორციელდეს ეკლესიის სწავლებისადმი შეუვალი ერთგულებითა და სინოდალური (კრებსითი) სიბრძნით. აღნიშნული პროცესი უნდა დაეფუძნოს:
ა) წმინდა მამათა სწავლების კვლევასა და გააზრებას;
ბ) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონთა კვალიფიციურ განმარტებას;
გ) ეკლესიის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებას.
ამ მიზნით საჭიროა შეიქმნას კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან მღვდელმთავრები, ღვთისმეტყველები, კანონისტები და ა.შ. მათი ამოცანა იქნება არსებული ნორმების გადახედვა, ბუნდოვანი ან სადავო ადგილებისა და მუხლების დაზუსტება და იმგვარი რედაქციის შემუშავება, რომელიც, ერთი მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება ტრადიციასთან და ასევე უპასუხებს დროს, ეპოქას, რომელშიც ეკლესია ახორციელებს ღვთივკურთხეულ სამოციქულო მისიას. განახლებული დებულება უნდა იქცეს ეკლესიის ერთობის მყარ საფუძვლად, რათა მისი ყოველი ნორმა გამოხატავდეს ცოცხალ საეკლესიო სულს. ამ გზით შესაძლებელი გახდება ეკლესიის ცხოვრების წარმართვა ერთობითა და სიბრძნით, რათა „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ“ (1 კორ. 14:40).
კრებსითი მმართველობის გაძლიერება.
ეკლესიის მმართველობის კრებსითი ბუნება, რომელიც სათავეს იღებს მოციქულთა ეპოქაში და ნათლად არის გამოხატული იერუსალიმის კრების სიტყვებში – „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმე, 15:28), დღესაც რჩება ეკლესიის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ სწავლებად და მოწოდებად. სამწუხაროდ, ჩვენს საეკლესიო მმართველობის პრაქტიკაში შეინიშნება კრებსითობის პრინციპის ნაწილობრივი ფორმალიზაცია, როდესაც სინოდის სხდომები ვერ ასრულებს სრულად იმ პასუხისმგებლობით დატვირთულ მისიას, რაც მას ეკისრება სამოციქულო ტრადიციის თანახმად. აღნიშნული ვითარება ზოგ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ გადაწყვეტილებები არ გადის საკმარისად ფართო განხილვის, საფუძვლიანი შესწავლისა და მომზადების პროცესს, რაც (დიდი ალბათობით) ნეგატიურად შეიძლება აისახოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, სინოდის სხდომათა არასაკმარისი სიხშირე ზღუდავს ეკლესიის შესაძლებლობას, დროულად და ერთობით უპასუხოს აქტუალურ პრობლემებს. ამ ჭრილში საყურადღებოა მოციქულ პავლეს მოწოდება: „რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორ. 1:10), რაც გულისხმობს არა მხოლოდ დოგმატურ საკითხებში ერთობას, არამედ მმართველობით თანხმობასაც.
საკითხის გადაჭრა.
საჭიროდ მივიჩნევთ კრებსითი მმართველობის არსობრივ გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სინოდის სხდომათა რეგულარობის ზრდას – მიზანშეწონილია და აუცილებელიც, რომ გაიზარდოს წლიურად წმიდა სინოდის შეკრებათა რაოდენობა, რათა ეკლესიამ შეძლოს უფრო აქტიური, ცოცხალი და პასუხისმგებლიანი მონაწილეობა კეთილმორწმუნე მრევლის ცხოვრებაში. წმიდა სინოდის ყოველი სხდომა არის ნამდვილი სულიერი საკრებულო, სადაც მღვდელმთავრები, სულის წმიდის მადლითა და შეწევნით, ერთობლივად განიხილავენ, იმსჯელებენ და სათანადოდ შეაფასებენ ეკლესიის წინაშე მდგომ საკითხებს (გამოწვევებს). ამ პროცესის კეთილად განხორციელებისთვის აუცილებელია:
ა) წმიდა სინოდის თითოეული წევრი მღვდელმთავრის აქტიური ჩართულობა;
ბ) საკითხების წინასწარი მომზადება და საფუძვლიანი განხილვა;
გ) მიღებული გადაწყვეტილებების საერთო პასუხისმგებლობით აღსრულება;
დ) მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელება.
ამგვარი მიდგომა ეფუძნება წმინდა წერილის სულისკვეთებას: „რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათ. 18:20), რაც მიუთითებს წმიდა კრებულის მადლმოსილ მნიშვნელობაზე ეკლესიის ცხოვრებაში.
კრებსითი მმართველობის გაძლიერება და სინოდის სხდომათა სიხშირის ზრდა განამტკიცებს ეკლესიის ერთობას, გააღრმავებს მღვდელმთავართა თანამონაწილეობას სრულიად საეკლესიო ცხოვრებაში და უზრუნველყოფს ეკლესიის ცხოვრების ჭეშმარიტ კრებსით ხასიათს, სადაც ყოველი გადაწყვეტილება იბადება საერთო სულიერი გამოცდილებისა და განჭვრეტის შედეგად.
