დღეს დაზარალებულს არ აქვს პასუხი მისი შვილი მოკლეს, თუ არ მოკლეს, გარეთ დადის, თუ არა მისი შვილი მკვლელი. [ექსპერტ] დავით გრიგოლიას მიერ ჩადენილია დანაშაული – საექსპერტო კვლევის დაუცველობა,- ამის შესახებ პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
უფრო კონკრეტულად, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში მონაწილე ექსპერტის მიერ მტკიცებულებათა შესაძლო დაზიანების ფაქტი განიხილა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, დავით გრიგოლიამ საექსპერტო კვლევის მასალა დააზიანა, რამაც უკვე შემდგომში გამოძიებას ხელი შეუშალა. პროკურორის თქმით, საქმე ეხება ისეთ ნივთმტკიცებებს, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა დადგენილიყო 12 წლის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
„ექსპერტის ქმედება დაიწყო შემთხვევის ადგილას და გაგრძელდა სასექციო დარბაზში. ექსპერტი როცა კარგავს მნიშვნელოვან მტკიცებულებას აქედან იწყება ყველაფერი. მან განახორციელა საექსპერტო კვლევის დაუცველობა.
საექსპერტო კვლევის დაუცველობა გამოიწვევს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაზეც ის [დავით გრიგოლია] გაფრთხილებულია. გრიგოლიამ თქვა, რომ ჩემი თავი მაბარია მხოლოდო, თუმცა აღსანიშნავია, რომ გვამთან მუშაობას იწყებს ექსპერტი და ასრულებს ის. პირველი ის არის ვალდებული, რომ მისი საკვლევი ობიექტი იყოს დაცული… დავით გრიგოლიას მიერ ჩადენილია დანაშაული – საექსპერტო კვლევის დაუცველობა.
ბავშვის ყელის არეში ვხედავთ დაზიანებებს, ის არ არის ერთგვაროვანი, არამედ არის წყვეტილი და ა.შ. ექსპერტს ამ დაზიანებული უბნებიდან არცერთი ანაწმენდი არ აქვს აღებული და ეს მიუთითებს, რომ მშრალად ჩაატარა ექსპერტიზა. როცა ხედავ, რომ ასეთი დაზიანებები აქვს უნდა აიღო ანაწმენდი რაც შემდგომ გამოძიებას დაეხმარება.
დაზიანებებზე ექსპერტი აღწერს, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები… საკვლევი ნიმუშების აღება ევალებოდა და არათუ აიღო, არამედ აღებულიც არ დაუცვია.
საკვლევი ობიექტი დაზიანდა, დალპა, დაობდა. გამოვიკვლიეთ, რა იწვევს იმ ობის სოკოს, რა იწვევს ლპობით პროცესებს და ეს ერთიანი ჯაჭვია. ექსპერტებმა თქვეს, ლპობითი პროცესების წამომწყები არის სწორედ სინესტე, წყალი, იწვევს დნმ-ს დეგრადირებას, ლპობითი პროცესები ანადგურებს დნმ-ს, ობი და სოკო ანადგურებს დნმ-ს.
რა იწვევს ობს? მათ შორის, სინესტე. ეს არის მთლიანი ჯაჭვი.
შემდგომი კვლევის ობიექტზე, ხავსჩაჭიდებულებივით, ხან რომელ ქვეყანაში ვნიშნეთ ექსპერტიზა და ხან რომელ ქვეყანაში, რათა დაზარალებულის მხარეს ჰქონოდა პასუხი მისი შვილის მკვლელის საპოვნელად რაიმე ჰქონოდა ხელჩასაჭიდი. ეს საკვლევი ობიექტი იმისთვის არ იყო მოტანილი დიდი პატივისცემის მიუხედავად, (მოსამართლე) ეკა არეშიძესთან, რომ მე ეს ამეხსნა და მეჩვენებინა, აი, როგორ არის დაობებული – არა! მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოძიების საქმეში, მკვლელობის საქმეში, ეს ნივთმტკიცება ისე ყოფილიყო დაცული, რომ შემდგომში იქნება და რაღაც ყოფილიყო, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა იმიტომ, რომ თავდაპირველად ისე იყო დაზიანებული (ნიმუში), რომ ვეღარ წავიდა წინ გამოძიება. სწორედ ეს არის საექსპერტო კვლევის დაზიანება, საბოლოო ჯამში, განზრახ მძიმე დანაშაულის გამოძიებას შეუშალა ხელი. სწორედ ეს არის გარემოებები, რასაც ერთიანობაში ედავება ბრალდების მხარე დავით გრიგოლიას.
რა მოხდა შემდგომ – არ აღუნიშნავს ეს ყველაფერი, არ იყო შენიშვნის გრაფა, ბევრი კითხვის ნიშანი აქვს არამარტო გამოძიებას, არამედ დაზარალებულის მხარეს. 12 წლის შვილი მიაბარეს მიწას და დღეს მისი შვილის მკვლელი გარეთ დადის და კაცმა არ იცის, ვინ არის. სწორედ აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გამოძიება, ბრალდების მხარე იქნება შეუვალი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ბრალდების მხარე აბსურდულ გარემოებას არ ედავება დავით გრიგოლიას, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გამართლებულმა დავით გრიგოლიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ შემთხვევაში, როდესაც მას ევალებოდა [ექსპერტიზის ჩატარება] და ეს სათანადოდ არ შესრულდა, რამაც ხელი შეუშალა გამოძიებას. მე როგორც პროკურორს, ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს, უკაცრავად, მაგრამ მოსარჩლესაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და იმის თქმა, რომ „მე რაც მევალებოდა პირნათლად შევასრულე”- არა! აი, არის მოცემულობა რომ პირნათლად არ შეგისრულებია. განა დაზიანებული საკვლევი ობიექტი მეუბნება, რომ პირნათლად არ შეგისრულებია, არა, ის დაობდა! მაგრამ არა იმ დაბინძურების შედეგად, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა. ხელებზე არ ჰქონია ბავშვს დაბინძურებები. მიწამ გამოიწვია დაობება? სისველე მიწამ გამოიწვია? არა! თუმცა, ეს იყო სტრატეგია და ბუნებრივია, ამ სტრატეგიას დაცვის მხარეს მე ვერ შევუზღუდავ”, – განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი, ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი 2023 წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
