ჩვენ სამი თვის წინ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ მოსახლეობა წუხდა რომ სამომხმარებლო ფასები იყო ძალიან მაღალი და ხშრ შემთხვევაში ჩვენც ვეთანხმებოდით, რომ სხვა ქვეყნებში ფასები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენთან, მე ვამჩნევ ახლა კამპანიას, რომ აბსოლუტურად პირუკუ არის და შეინიშნება კამპანია, თითქოს დასავლეთში უფრო ძვირია სამომხმარებლო პროდუქტები, ვიდრე ჩვენთან, ეს უკვე არასწორია – ამის შესახებ ფასების კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის ძალას გაუჭირდება დღეს დოკუმენტის მხარდაჭერა:
“ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა პირდაპირ მინდა გითხრათ და კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი, რომელიც მოცულობითია და დიდი პროფესიული შრომაა ჩადებული, უბრალოდ გუშინ 9 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო…
უფრო ჰგავს სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი, ვერ ვიტყვი რომ გამოუსადეგარია, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი…” – თქვა კომისიის სხდომაზე ხუნდაძემ.
პარლამენტის დროებითი კომისია დასკვნას ბიუროს წარუდგენს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დოკუმენტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.
რამდენიმე დღის წინ “ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში კვერცხი, ხახვი, ბრინჯი, ზეთი, ავოკადო და ვაშლი საფრანგეთსა და გერმანიაზე იაფია. ტელეკომპანიამ სპეციალური ქარდები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულ ქვეყნებში საწვავისა და პროდუქტების ფასებს ადარებს. აღსანიშნავია, რომ მათ ამ ქვეყნებში მოქმედი ვალუტა ლარში დააკონვერტირეს.
