ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ამბობს რომ საპატრიარქო არჩევნებზე ორი რჩეული ჰყავს. მღვდელმთავარმა დღეს სინოდის სხდომის დაწყებმადე მედიასთან განაცხადა, რომ ამ ორ კანდიდატს შორის ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება – “ახლა ვხვდები, რა ძნელია ჟიურისთვის არჩევანის გაკეთება”.
“მე ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც დადებითია. რა წარმოიდგინეთ, იცით? როგორც ჟიურისთვისაა როცა ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ძალიან ძნელია, ისედაც ვღელავ, ნამდვილად ძალიან ძნელია, ძმათა შორის, როგორი გამოსარჩევია, იცით?“, – განაცხადა ანტონ ბულუხიამ.
კითხვაზე, თუ ვინ არიან მისი რჩეულები, მიტროპოლიტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა:
„მომისმინეთ ახლა, მესამე სხვა არავინ იცით? როგორი არაკომპეტენტური კითხვებია, იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, იმას ვადებ ხელს და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო?“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მედიამ მეუფე ანტონს რუსეთის დაზვერვის იმ განცხადებასთან დაკავაშირებითაც დაუსვა კითხვა, (რომლის მიხედვითაც მსოფლიო პატრიარქი გარკვეულ კანდიდატებს ლობირებს) მეუფე ანტონ ბულუხიამ უპასუხა, რომ ამაზე არაფერი სმენია.
“ალბათ, ვისაც რა ესიზმრება, იმას ფიქრობს, რა ვიცი“, – განაცხადა ანტონ ბულუხიამ.
საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი.
