დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მე-7 ღამე გაათენეს.
ისინი ითხოვენ, ქვეყანაში მოხდეს იმ მედიკამენტების შემოტანა, რომელიც მათი თქმით, მათი შვილების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
ისინი დღეს 17:00 საათზე მორიგ აქციას აანონსებენ და საზოგადოება მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
“მე-7 დღეა აქ ათენებენ მშობლები, მოვდივართ და მზეში, სიცივეში, წვიმაში ვდგავართ. ჩვენ რის გამო ვართ აქ, კი არ გვიხარია აქ ყოფნა, იძულებულები ვართ, ჩვენი პატარების გამო. მნიშვნელოვანია ყოველი წუთი და წამი, რადგან ბავშვები ძალიან ცუდ ვითარებაში გვყავს. შარშან თუ ჩემი ბიჭი დარბოდა, კიბეზე ადიოდა, წელს უკვე ძალიან უჭირს” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
“ღმერთი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავუძლოთ. ავიტანოთ ამათი უყურადღებობა, უმსგავსობა, ძალიან ცუდად იქცევიან. ესენი ისე აკეთებენ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მდგომარეობა გადაიყოლებს ამათ თან, დღეს თუ ხვალ საზოგადოება შეიგნებს და აღიქვამს, არავინ იცის ვის ოჯახში რა იქნება ხვალ. მინსიტრი სულ რომ არ გამოსულიყო ის მერჩივნა, ანდა საზოგადოებისთვის არ ეთქვა, ჩუმად ეთქვა, იმიტომ, რომ მან მარტო ბავშვები კი არა მშობლებიც დაგვასამარა” – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
მშობლები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
