პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები დღესაც ზუგდიდში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაზეთებს ურიგებენ. გამოცემაში თავმოყრილია პოლიტპატიმრების გზავნილები და მათი პოზიციები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ინიციატივის მიზანი, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საზოგადოების ინფორმირება და იმ ადამიანებისთვის „ნამდვილი ამბების“ გაზიარებაა, რომლებიც მათი თქმით, სამთავრობო პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებიან.
“ამ წერილებით მიხვდებიან, რამდენად განათლებული ბიჭები ჰყავსს დაპატიმრებული ციხეში არაფრის გულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის და არალეგიტიმური პრემიერის განცხადებისთვის, რომელმაც არც იცის რა არის სამშობლოს სიყვარული. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ადმაიანებს გადავცემთ გაზეთებს და ავუხნით, რომ ისინი არიან უკანონო პატიმრობაში და უნდა იყვნენ ჩვენს გვერდში, – ამბობს დაკავებულის, თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
“არის ხალხი, რომელიც დაღლილი სახლში მიდის, ტელევიზიას ვერ ეცნობა. წამოწოლილმა გაზეთი წაიკითხა და უფრო გაეცნო, გაიგო ბიჭების ამბები, ციხის სიდუხჭირე, მშობლების ჭირ-ვარამი. მიხვდნენ, რომ პოლიტიკოსები არ არიან ეს ბიჭები, სამშობლოს სიყვარულისთვის რომ არიან დატყვევებულნი, – ამბობს დაკავებულის, გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლების განცხადებით, კამპანია გაგრძელდება და 26 მაისამდე, რომლის ფარგლებშიც „ევროპული მომავლის მცველები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლიან.
