ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ფოთის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
სამსახურის ინფორმაციით, რუმინეთის რესპუბლიკიდან შემოსულ, ბორანზე განთავსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მებაჟე ოფიცრების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა 56 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები. კანონმდებლობით აკრძალული მედიკამენტები სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვა ნივთებთან ერთად, სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა განთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
