რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა. 1997 წელს მყავდა „მერსედესი”, რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში. ასევე, პირველი„ლენდ-კრუიზერიც” მე მყავდა. შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მას ბრალდების მხარე ქონებერივ დისბალანსს ედავება, თუმცა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს, როგორებიც არის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნა, ხელშეკრულებები და ა.შ.
„საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო.
დეკლარაციაში ასასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის”,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ის შემოსავლები და ხარჯები, რომელიც ჰქონდა, ქონებრივ დისბალანსს არ იწვევს და ამ შემოსავლებით შეეძლო, რომ ესპანეთში ბინა ეყიდა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.
ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182- მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
