ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გადაიდო.
„მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ ვერ დაესწრება დღევანდელ სხდომას. ასევე, ადვოკატი ნინო ხუციშვილი ითხოვს სხდომის გადადებას“, – აღნიშნა მოსამართლის თანაშემწემ.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, დასაბუთება ვერ მოხდა აღნიშნულ განცხადებაზე, რაზეც მოსამართლეს განმარტება სთხოვა. „ვითხოვთ ზუსტ განმარტებას ადვოკატის ნაწილში”, – მიმართა შსს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.
„ადვოკატს მხოლოდ ორდერი ჰქონდა, მინდობილობაც უნდა ჰქონდეს, გარკვეული ხარვეზი შეიქმნა. ქალბატონი მზია ამბობს, რომ ვერ გამოვცხადდები, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არ ვიცით. ხელშეკრულება არასაკმარისად ჩავთვალეთ, მესმის თქვენი პოზიცია მაგრამ ეს არ ატარებს გაჭიანურების ხასიათს, ამიტომ დავდოთ პატივი და სხდომა გადავდოთ 11 მაისს, 14:00 საათისთვის”,- განაცხადა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე ეხება სტიკერის გაკვრას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე და ამ შემთხვევაში დავის საგანი იქნება არა ის, ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა ღობეზე სტიკერის გაკვრით, არამედ ის თუ, რამდენად კანონიერად დააკავეს მზია ამაღლობელი.
კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ „მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერების საქმის“ წარმოებაში მიღებაზე უარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2025 წელს თქვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს საქმე დაუბრუნა და მისი განხილვა დაავალა.
