გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს.
„მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ ჯამში 139 კგ-ს გადააჭარბა.
„ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი – სამ თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის შვიდი ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
