2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, თბილისის მერიამ, 10 000 ლარი 100 წლისა და მეტი ასაკის 82 ხანდაზმულს ჩაურიცხა.
როგორც თბილისის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 105 წლისაა.
„თბილისის მერია, „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, 10 000 ლარს გასცემს. ფულად დახმარებას თბილისში რეგისტრირებული ის ხანდაზმულები იღებენ, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიისგან საჩუქრად 10 000 ლარი, საუკუნის და მეტი ხნის 82 ხანდაზმულს ჩაერიცხა, აქედან 75 მდედრობითი სქესისაა. 82 ხანდაზმულიდან 15-ს 100 წელი შეუსრულდა. ყველაზე უხუცესი 105 წლის ორი ქალბატონია.
თანხის მისაღებად, მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წლის მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. ხანდაზმულებს კი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით 2026 წლამდე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ უწევთ და ბენეფიტი შესაბამისი პროგრამისთვის მერიის მიერ მათთვის ბანკში დამზადებულ ბარათზე პირდაპირ ერიცხებათ.
რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, თბილისის მერიამ, 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში, 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო 81 ხანდაზმულს ჩაურიცხა“, – აცხადებენ მერიაში.
