დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – ამის შესახებ ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულi ბრიფინგიდან გახდა.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ 67 წლის კაცი დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა დაფასოებული სახით.
თავდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.
