“მე რას გამოვიყენებ ამას მე თვითონ გადავწყვეტ და მე მივიღებ გადაწყვეტილებას” – ასე პასუხობს კახა კალაძე ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც 2 დღის წინ ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ რადიკალური ტერმინების გამოყენება არ მოსწონს. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის პასუხად კალაძე საკუთარ პოზიციებს არ თმობს და მიანიშნებს, რომ მითითებებს არავისგან მიიღებს, განსხვავებით შალვა პაპუაშვილისგან. “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე უფრო წინდახედული იყო, ივანიშვილების ოჯახის გზავნილს მარტივად მოერგო და ამტკიცებდა, რომ მისი პარტია სიძულვილის ენას არ იყენებს.
არადა ტერმინი “აკაცუკი” ამავე ინტერვიუში შალვა პაპუაშვილს არაერთხელ წამოსცდა. ქართულ პოლიტიკაშიც მოწინააღმდეგე მხარის სალანძღავ სიტყვად ეს ტერმინი “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.
ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ამტკიცებს, რომ ამ ტერმინებით საუბარი მიუღებელია. ისევე, როგორც მისთვის ძალადობაა მიუღებელი. ეს განცხადება ცოტნე ივანიშვილმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე მოქალაქის კითხვის პასუხად გააკეთა. როცა ძალადობას გმობდა, მის წინ ისხდნენ “ოცნების” წევრები, რომლებმაც გასული წლის სექტემბერში კახა კალაძის შტაბთან რიგით მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს, თუმცა ამ დრომდე არამხოლოდ დაუსჯელები არიან, არამედ აქტიურად მონაწილეობენ “ოცნების” ახალგაზრდულ აქტივობებში.
რას უკავშირდება ცოტნე ივანიშვილის გააქტიურება და ამზადებს თუ არა მისი სახით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ მემკვიდრეს?
