თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხის ყოფილ თანამშრომელთა სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება 2025 წლის 7 ივლისს შეტანილ სარჩელს, რომლის მიხედვითაც, გადაცემა – „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლები: ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია და ტუხა კვინიკაძე სარჩელით მოითხოვდნენ: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, განაცდურის ანაზღაურებას და უვადო შრომითი ხელშეკრულებების პირობებით, გადაცემა „რეალური სივრცის“ შესაბამის (პირვანდელ) პოზიციებზე აღდგენას;
პირვანდელ სამუშაოზე მათი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი კვალიფიკაციისა და სატელევიზიო გამოცდილების შესაბამისი ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველყოფას;
ალტერნატიულ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომპენსაციის დაკისრებას 36 თვის სახელფასო სარგოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისმა დეპარტამენტმა ხუთივე მათგანს შესთავაზა ალტერნატიული პოზიციების დაკავება. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ გადაცემა „რეალური სივრცე“ უკვე დახურული იყო. ქეთევან კაპანაძემ, იოსებ კაციტაძემ, თამარ მშვენიერაძემ, ომარ წოწორიამ და ტუხა კვინიკაძემ თავად განაცხადეს უარი ახალი თანამდებობების დაკავებაზე.
ცნობისთვის, ანალოგიური მოთხოვნით, სასამართლოს ასევე მიმართეს „რეალური სივრცის“ წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა და „მოამბის“ ყოფილმა წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, თუმცა სასამართლოთა შეფასებით, არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მაუწყებლის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
