მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, თუმცა, მათივე ცნობით, 2 დღის წინ მის სახლში პოლიციამ და ბინის მეპატრონემ სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს – ამის შესახებ Facebook-გვერდი “ქრისტე მეფე ნარიმანი” წერს:
“მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: “ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა.” მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა – თვითმხილველები. 17.04.2026.
შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მთავარს ადგილზე მყოფებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბინის კარი შეანგრიეს და ის გარდაცვლილი იპოვეს”. ამ წუთებში ბინასთან მრევლი და პოლიცია იმყოფება, მოქალაქეები სახლში შესვლას ითხოვენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ.
