პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მხოლოდ წმინდა სინოდის კომპეტენციაშია და პროცესში საერო პირების ჩართულობა დაუშვებელია.
მისი თქმით, სინოდის სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება იმ შემთხვევაში, თუ ამას სინოდი საჭიროდ ჩათვლის. ზვიადაძე ასევე აღნიშნავს, რომ სინოდის წევრებს შორის არსებობს ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა, ხოლო გადაწყვეტილებები ეკლესიის კანონებისა და კანონიკური ნორმების შესაბამისად მიიღება.
“ეს საკითხები უნდა მივანდოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, რომელიც არის უმაღლესი კომპეტენტური ორგანო ასეთი საკითხების გადასაწყვეტად. არ შეიძლება, რომ ამაში საერო პირები აქტიურ მონაწილეობა იღებდნენ ან საერთოდ იღებდნენ მონაწილეობას იმ კუთხით, რაც უშუალოდ წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.
ყველას ექნება საშუალება, რომ ზუსტად იცოდეს, როდის გაიმართება სინოდის სხდომა, რა საკითხებზე იყო მსჯელობა თუკი სინოდი ჩათვლის ამას საჭიროდ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეწოდოს ეს ინფორმაცია… არავითარი შფოთის საფუძველი არ არსებობს. სინოდი არის ერთიანი, სინოდის წევრებს შორის ვლინდება უდიდესი პატივისცემა ურთიერთისადმი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი, ყველანი განმსჭვალულნი არიან იმ დამოკიდებულებით, რომ ყველაფერი მოხდეს ისე, როგორც ამას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები და კანონიკური ნორმები ითვალისწინებს”, – ამბობს პროტოპრესტვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.
