კიევში გოლოსეევოს რაიონში, დღევანდელი სროლის შედეგად დაიღუპა ცოლ-ქმარი. მათი 11 წლის შვილი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა. აღნიშნულია, რომ მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპა. ქალი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„მათი 2015 წელს დაბადებული ვაჟი ცეცხლსასროლი ჭრილობით ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მას საჭირო დახმარება ეწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღევანდელი თავდასხმას უკვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
გავრცელებული ცნობით, კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ ქუჩაში გამვლელების მისამართით სროლა დაიწყო, ხოლო შემდეგ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „ამჟამად 10 ადამიანი საავადმყოფოშია მიყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას მიეწოდება აუცილებელი დახმარება. ოთხი მძევალი გადაარჩინეს. დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა გადამოწმებული ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, 58 წლის უკრაინის მოქალაქეა.
„მან დემიევსკის ქუჩიდან დაიწყო თავისი განზრახვის შესრულება. გზად ოთხი ჩვენი მოქალაქე დახვრიტა, მეხუთე გარდაცვლილი კი მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეა, ერთი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცხადა კლიმენკომ.
