“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენმა ძმებმა ჩხაიძეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ მცირე 34 146 700 მილიონი ლარი მიიღეს, “ქართულ ოცნებას” კი 600 000 ლარი შესწირეს – ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება სტუდია მონიტორმა მოამზადა. ბიზნესმენებმა ეს თანხა „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში მიიღეს.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან დაფინანსდა ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენის, ზურაბ ჩხაიძის, ათი კომპანიის სესხის პროცენტი. შეღავათიან აგროკრედიტში მონაწილეობს მისი ძმის, გოჩა ჩხაიძის სამი კომპანიაც.
2013-2024 წლებში ძმები ჩხაიძეების ცამეტი კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით 28.1 მილიონი ლარი (28,146,700 ლარი) გამოიყო. ბიუჯეტიდან დაფინანსდა კომპანიების მიერ, ძირითადად, ყურძნის შეძენის, მებაღეობის, ტექნიკის, მევენახეობის, ხილის გადამუშავების, ღვინისა და არყის წარმოებისთვის აღებული სესხის პროცენტი.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიერ დაფინანსებული „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, იგივე KTW, ღვინისა და სპირტიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. KTW ფლობს 22 შვილობილ კომპანიას, მათ შორის ავსტრიასა და პოლონეთში.
ზურაბ ჩხაიძე და მისი კომპანია KTW „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 600,000 ლარი შესწირა.
