ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურობაზე, შეძლებენ თუ არა აკრედიტაციის გაკეთებას – ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, თამარ ხვედელიანის კითხვას, რომელიც დაინტერესდა თუ რომელი უნივერსიტეტის ფარგლებში შეძლებს აბიტურიენტი აგრარულ მიმართულებაზე სწავლას.
კერძოდ, დეპუტატის კითხვა იყო შემდეგი: „წელს აბიტურიენტი, რომელიც ჩაწერს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებას, სექტემბერში აგრარული მიმართულებით ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლის?“
რაც შეეხება ზვიად გაბისონიას პასუხს, როგორც მან განმარტა, „იმ შემთხვევაში, თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამა გაივლის აკრედიტაციას, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეეძლება ამ მიმართულებით აბიტურიენტების მიღება“.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ანალოგიური პროგრამა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიც გასათვალისწინებელია, მოახდენს აკრედიტაციას და ვადებში შეეძლება მას, რომ მიიღოს და კორექტირება მოხდეს შესაბამის ანკეტა კითხვარებში, თუ ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოს ისე, რომ სწავლა არ იქნება დაწყებული. თუ ამის საშუალება კანონმდებლობით და რეალური პრაქტიკით მაგალითად ვერ მოასწრო ან არ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის აგრარული მიმართულების პროგრამა, რომელიც ამ წუთას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტს გამოცხადებული და უბრალოდ ის არ აქვს, რა თქმა უნდა, იმას არავინ არაფერს შეეხება. ჩვენი მოტივაციაა რეფორმიდან გამომდინარე, ვადასტურებთ იმას, რომ რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ გადაწყობას რეფორმის ფარგლებში სპეციალიზაციის მიმართულებით, ის რაც კანონმდებლობით და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკით დაგეგმილია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა რა თქმა უნდა, ამით ვერ დავაზარალებთ სტუდენტებს. შესაბამისად, თუ ამის საშუალება არ იქნება, ამას ვერ ვიზამთ ძალიანაც რომ გვინდოდეს. ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურობაზე. შეძლებენ თუ არა აკრედიტაციის გაკეთებას“, – განაცხადა გაბისონიამ.
