რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მუდამ პარანოიდულად არის განწყობილი მტრების მიმართ, შესაძლოა ამ გაზაფხულზე თავი კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნოს. მისი არმია უკრაინაში უძრავადაა, უზარმაზარი დანაკარგები განიცადა და როგორც ჩანს, ის უძლურია დაეხმაროს ირანს, რომელიც მისი ერთ-ერთი მოკავშირეა. ხოლო მის საუკეთესო მეგობარს ევროპაში, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, ახლახან ზურგი აქციეს – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც The Washington Post ავრცელებს.
კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი, იუჯინ რუმერი, აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შემდეგ რუსეთი ევროპისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე მანამდე იყო. მისი მოხსენება „აგრესიული და ალყაშემორტყმული: რუსეთი უკრაინასთან ომის შემდეგ“ ხაზს უსვამს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ევროპის წინააღმდეგ ომზე ფიქრობს და უკრაინას „დაუსრულებელ საქმედ“ მიიჩნევს.
რუმერი წერს: „თუ პუტინს მართლაც განზრახული აქვს ევროპული უსაფრთხოების საკუთარი ხედვა თავს მოახვიოს კონტინენტს, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ევროპა გადაიარაღებას ჩქარობს, და წამოიწყოს თავდასხმა ბალტიისპირელ მეზობელზე, რათა აჩვენოს, რომ ნატოს მე-5 მუხლი, არსებითად, მკვდარია”.
ამავე სტატიის თანახმად, მაიკლ კოფმანმა, „კარნეგის“ კიდევ ერთმა უფროსმა მკვლევარმა და უკრაინის კონფლიქტის სამხედრო ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ გარღვევებს, რომლებსაც გასულ წელს ელოდა და 2026 წელიც ცუდად დაიწყო. მარტში მან 30,000-დან 35,000-მდე სამხედრო დაკარგა, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მეტია, ვიდრე ჯარისკაცების ყოველთვიური ჩანაცვლების მაჩვენებელი. კოფმანის თქმით, წელს პუტინს გაუჭირდება იმავე ტემპის შენარჩუნება, რაც გასულ წელს ჰქონდა.
„რას მოიმოქმედებდა ტრამპი, თუ პუტინი რომელიმე ევროპულ ქვეყანას თავს დაესხმებოდა? ჩემთვის ეს ყველაზე საშინელი კითხვაა. ტრამპი იმდენ დროს ატარებს ნატოს ძაგებაში, რომ ევროპელებს უკვე ეჭვი ეპარებათ ამერიკის უსაფრთხოების გარანტიების სანდოობაში. მისი ბოლო ანტინატოური ტირადები ფოკუსირებული იყო ალიანსის უარზე, დახმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ირანთან ომში. სანამ რუტე ამ თვეში ვაშინგტონს ეწვეოდა, ტრამპმა ნატოს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, რომლისაც „პუტინს არ ეშინია…
ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი რამ, რაც ტრამპმა შეიძლება საგარეო პოლიტიკაში ჩაიდინოს, იქნებოდა ნატოელი მოკავშირეების მიტოვება ევროპაში იმ მომენტში, როდესაც ისინი მოსკოვის მხრიდან მზარდი და აშკარა მუქარის წინაშე დგანან….
ევროპას ღამით განგაშის ხმა ესმის. ტრამპი ისეა დაკავებული ნატო-ს მიმართ თავისი პრეტენზიების სიით, რომ თითქოს არ ესმის, რა შეიძლება აღმოჩნდეს მისი პრეზიდენტობის უდიდესი კრიზისი. თუ ოდესმე ისტორიკოსები იკითხავენ: „ვინ დაკარგა ევროპა?“, რას იტყვიან პასუხად ტრამპის უმოქმედო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები?“ – ნათქვამია სტატიაში.
