ჯგუფური ანგარიშსწორება ბოლნისში – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტი ნურადინ ნაბიევი “ტვ პირველს” უყვება, რომ გუშინ, 14 აპრილს მას თავს 7 პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
აქტივისტის განცხადებით, მასზე ანგარიშსწორება მისივე კუთვნილ დაწესებულებაში, ჩაის სახლში მოხდა. ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა – მას ხილული დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება.
ნაბიევი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ, რადგან მისი სოციალურ ქსელში აქტიურობა და ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა არ მოსწონთ.
ნაცემი ახალგაზრდა “ტვ პირველთან” ამბობს, რომ თავდასხმამდე მას კონკრეტული პირი სიციცხლის მოსპობითაც დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ იმ ვიდეოებს არ წაშლიდა, სადაც ბოლნისში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული.
ნურადინ ნაბიევი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მარნეულის ყოფილ მერის, დაურ რადგალის გარემოცვის წევრები არიან.
