ჩერნიგოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წამებაში მონაწილეობის გამო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუს გენერალ დენის ბარილოს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წელს ოკუპანტებმა სოფელ იაჰიდნეში 380 მშვიდობიანი მოქალაქე სკოლის სარდაფში ჩაკეტეს და 27 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე ჰყავდათ დატყვევებული. შედეგად 10 ადამიანი იქვე დაიღუპა, კიდევ შვიდი კი სოფლის მიმდებარედ სიკვდილით დასაჯეს.
უწყების ცნობით, დატყვევებულებს შორის თითქმის 80 ბავშვი იყო, მათგან ყველაზე პატარა – 6 კვირის. მათი უკანონო დაკავება და წამება სწორედ გენერალ ბარილოს ხელმძღვანელობით ხდებოდა. ის მეთაურობდა რუსეთის 55-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას, რომელიც ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე საერთო საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის. აღნიშნული ქვედანაყოფი იაჰიდნეს ოკუპაციაში 2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში მონაწილეობდა.
“ბარილოს ბრძანებით, რუსმა სამხედროებმა სოფლის მცხოვრებლები იარაღის მუქარით სარდაფში ჩაყარეს და მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ სკოლის ზედა სართულებზე განთავსებული საკუთარი სამხედრო ბაზის დასაცავად. ტყვეობაში მყოფი ადამიანები იმყოფებოდნენ ანტისანიტარიაში, სამედიცინო დახმარების, ვენტილაციის, განათების, კანალიზაციისა და მედიკამენტების გარეშე. სარდაფის სივიწროვის გამო, ერთ ადამიანზე ნახევარ კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობი მოდიოდა” – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
