უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, თუმცა ეს მალე არ მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.
„შეუძლებელია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა მადიარმა.
მისი თქმით, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.
„თუ უკრაინა ამას გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა ის. თუმცა ეს მალე ნამდვილად არ მოხდება“, – აღნიშნა მადიარმა.
მადიარმა ასევე განაცხადა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა არ ელოდება, რომ ის მის რჩევას მოუსმენს. ამასთან, მადიარმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მალე იძულებული გახდება, ომი დაასრულოს.
