“ქართული ოცნების” დეპუტატები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან – ირაკლი მეზურნიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი კახიანი უნგრეთში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში იმყოფებიან.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უნგრეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 13:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 54.14%-ია.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ორბანმაც, რომელმაც თქვა: “მე აქ გამარჯვებისთვის ვარ… ჩვენ უკვე მივეცით ხმა! არავინ უნდა დარჩეს სახლში! ჩვენ ვწყვეტთ უნგრეთის ბედს. ხმა მიეცით უსაფრთხოებას, ხმა მიეცით ფიდესს!”
” საკუთარი არჩევანი გააკეთა ორბანის მთავარმა ოპონენტმა პიტერ მადიარმაც, რომელმაც უნგრელებს არჩევნებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა: ” ყველა ხმა მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც გამარჯვება რამდენიმე ხმაზე იქნება დამოკიდებული” – თქვა მან ჟურნალისტებთან.
საარჩევნო უბნები უნგრეთში თბილისის დროით 08:00-ზე გაიხსნა და 21:00-ზე დაიხურება, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი პირველი შედეგები. არჩევნებს ეუთო-ს 200-კაციანი სადამკვირვებლო მისია აკვირდება, მათ შორის არიან “ქართული ოცნების” წევრებიც – ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩეველი ერთდროულად აძლევს ხმას კონკრეტულ კანდიდატს და პარტიულ სიას. 199 საპარლამენტო მანდატიდან 106 მანდატი ოლქებში უმრავლესობით ნაწილდება, დანარჩენი 93 კი პროპორციულად. ნებისმიერ პარტიას პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის კი 100%, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 133 მანდატია საჭირო.
საერთაშორისო მედია წერს, რომ არჩევნები ორბანის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ და დაძაბულ ბრძოლად ითვლება. არჩევნებში მონაწილეობას 5 პარტია იღებს, თუმცა გამოკვეთილია ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ორბანის პარტია ფიდესი და პარტია ტისა, რომლის ლიდერიც პიტერ მადიარია. ბოლო კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 35-38% ტისას ანიჭებს უპირატესობას, ორბანის პარტია ფიდესს კი 28%-დან 36%-მდე.
