ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელი, რომელიც გუშინ სცემეს, მართვით სუნთქვაზეა – სავარაუდო დამნაშავე მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმაა – მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. 63 წლის კაცს ერთი ოპერაცია მარნეულშივე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის თბილისის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.
დაცვის თანამშრომელს თავს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას გუშინ დაესხნენ. “ტვ პირველის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი მას კლინიკაში შეშვებას სთხოვდა, თუმცა იმის გამო, რომ ნახვის საათები არ იყო, ალადინ ყარანზადემ უარი უთხრა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კლინიკის დაცვის თანამშრომელს მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმამ სცემა.
“მარნეულში Geo Hospitals დაცვის თანამშრომელს მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმამ სცემა
დღეს მარნეულში Geo Hospitals კლინიკაში ინციდენტი მოხდა. კლინიკის 63 წლის დაცვის თანამშრომელმა, ალადინ ყარენზადემ პაციენტის ახლობელს ერთ კაცზე მეტს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
შედეგად, დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და თბილისში კლინიკაში გადაიყვანეს…” წერს ბაირამოვა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი. გამოძიება კი სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
