უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროკავშირს, რათა გაძლიერდეს კონტინენტის თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინის ლიდერმა, რომელიც აქტიურად ლობირებს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას, განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უნდა გადახედოს თავის პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ აშშ ნატოს დატოვებს.
„თუ აშშ მართლაც ფიქრობს ნატოდან გასვლაზე, მაშინ ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ ევროკავშირზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, არა მის ამჟამინდელ ფორმაზე“, – განუცხადა მან პოდკასტს The Rest is Politics.
ზელენსკიმ დაამატა: „ვფიქრობ, ევროკავშირი ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც მას მეტი ქვეყანა სჭირდება. გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, თურქეთი და ნორვეგია. ეს არის ოთხი ძლიერი სახელმწიფო, რომლებიც ევროპის ნაწილს წარმოადგენენ“.
მისი თქმით, ერთობლივად, ევროკავშირს ექნება რუსეთზე გაცილებით დიდი ჯამური სამხედრო ძალა. „ამ ოთხი ქვეყნის მონაწილეობით, თქვენ შეძლებთ ზღვებზე კონტროლის მოპოვებას, გექნებათ უსაფრთხო ცა და ყველაზე დიდი სახმელეთო ჯარები“.
