მსახიობი ლევან ხურცია სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნის” შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას , მოეწონოს ,არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ , დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც…მსახიობის , რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლო ბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი!და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა,ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად , ამაყი ვარ რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!!!” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ლევან ხურცია.
5 აპრილს რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრაგმენტები სპექტაკლიდან, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
