ჭიათურელ კრიმინალურ ავტორიტეტზე, ზაზა ფარქოსაძეზე, რომელიც ცოლის გვარს ატარებს ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
ე.წ. ქურდული გარჩევების მთავარ ფიგურანტ “ფაიფურაზე” საერთაშორისო ძებნა ზაზა გოგოლაძის სახელზე დაიწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “ფაიფურას” აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ზაზა ფარქოსაძესთან (გოგოლაძესთან) ერთად ბრალდებული კიდევ 12 ბრალდებული მოსამართლემ 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფარქოსაძის წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებები 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მოსამართლის განჩინების აღების შემდეგ, “ფაიფურას” დასაკავებლად მისულ პოლიციას ის ადგილზე არ დახვდა.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე “ტურიკელა”, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. “მაყურებლების” — “ფაიფურასა” და “გრიშიჩის” დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის “ტურიკელაზე”, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ “ფაიფურა” და “გრიშიჩი”. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.
