დაკავებულია ეთნიკურად ბერძენი საქართველოს მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით, ლიეტუვაში პოლიტიკური მკვლელობის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 55 წლის კაცი დასავლეთ თესალონიკში (საბერძნეთში), საკუთარ სახლში, 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ედება რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან თანამშრომლობა და ლიეტუვის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულ ქმედებაში დახმარებაში.
მედია წერს, რომ ბრალდება ეხება ორი ადამიანის მკვლელობის სავარაუდო გეგმას: ერთ-ერთი რუსეთიდან ლიეტუვაში გაქცეული 46 წლის აქტივისტია, მეორე კი ლიეტუველი პოლიტიკური მრჩეველი, რომელიც ანტირუსული რიტორიკითა და ქმედებებითაა ცნობილი.
როგორც ამბობენ, ლიეტუვას ხელისუფლება, მიიჩნევს, რომ ჩართულმა პირებმა შეაგროვეს სადაზვერვო ინფორმაცია ორი სამიზნეზე და აკვირდებოდნენ მათ ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენებით. თუმცა, გეგმა არ განხორციელებულა, რადგან პოლიციამ გასული წლის 12 მარტს ოპერაცია ჩაატარა და ეჭვმიტანილები სავარაუდო მკვლელობების ჩადენამდე დააკავა.
თელასნიკის სააპელაციო საბჭომ საქართველოს მოქალაქის ლიეტუვაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
Voria.gr-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვილნიუსის სასამართლო ხელისუფლების მიერ წარმოებულ ბრალდებაში სულ მცირე ოთხი ეთნიკური ბერძენის სახელია მოცემული. ამ პირთაგან სამს, როგორც ამბობენ, მხოლოდ საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მეოთხეს – როგორც საბერძნეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეობა. საქმეში დასახელებულ ბრალდებულებს შორის არიან ერთი ორმაგი ბერძნულ-რუსული მოქალაქეობის მქონე, სამი ბერძენი, ერთი ქართველი, ერთი უკრაინელი, ორი ბელარუსი და ორი ლიეტუველი.
