ე.წ. კანონიერი ქურდის “ტურიკელას” დაჯგუფება სასამართლოშია ეტაპირებული. მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებული 44 პირის საქმე 5 ნაწილად დაიყო და 2 მოსამართლეს დაეწერა. წუთი-წუთზე მზია გარშულაშვილი გახსნის სხდომას, სადაც 9 ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. პროკურატურა ყველას პატიმრობას ითხოვს.
როგორც საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ მედიასთან განაცხადა, საქმეში დაკავებულების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ფარული აუდიო და ვიდეო მასალებია. მისივე თქმით, ბრალდებულებების დანაშაულებრივი ქმედებები ძირითადად იმერეთის რეგიონს მოიცავდა.
50 პირს, რომელთაგან 44 დაკავებულია ბრალდება “კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ.
“საქმეში წარმოდგენილია არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის საქმეშია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა, სადაც დასტურდება თითოეული ბრალდებულის ბრალად წარდგენილი ქმედება. ის დანაშაულებრივი ქმედებები აღწერილია ფარულ აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებში. ქურდული სამყაროს არაერთი წევრია წარმოდგენილი, რომლებიც თვითინ ერთპიროვნულად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი კანონიერ ქურდებთან კომუნიკაციის შედეგად წყვეტდნენ პირთა შორის არსებულ დავებს. ძირითად წამოდგენილი ბრალდებულებების დანაშაულებრივი ქმედებები მოიცავდა იმერეთის რეგიონს”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
ფინანსური დავები ქვეყანაში ქურდული გარჩევებით წყდებოდა. დაკავებულია კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფება.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე „ტურიკელა“, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. „მაყურებლების“ — „ფაიფურასა“ და „გრიშიჩის“ დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის „ტურიკელაზე“, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ „ფაიფურა“ და „გრიშიჩი“. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.
