საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სასტუმროს ოთახიდან და ერთ-ერთი ლოკაციიდან ამოღებულია დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
