აბანოთუბანში პროტესტია. ადგილობრივების ინფორმაციით, სახელმწიფო მათ საკუთრებიდან იძულებით ასახლებს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ ეუბნება, რომ ტერიტორია სახელმწიფოს სჭირდება, რის საფუძველზეც დაწყებულია ქონების იძულებით დათმობის პროცესი.
გავრცელებული ინფორმაციით, გასახლება უკავშირდება აბანოთუბანში ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, მათ მიერ გაგზავნილმა საჩივრებმა და ოფიციალურმა წერილებმა შედეგი ვერ გამოიღო.
განკარგულებას ხელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვირივიშვილი აწერს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკუთრების დათმობას არ აპირებენ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.
“ეს უბანი ავთენტურად შემოინახა 90-იანი წლების, ხელი არ ახლო არცერთმა მთავრობამ – არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის. ძალიან მტკივნეულია, როდესაც დღევანდელი მთავრობა ვერ ათვითცნობიერებს. ორთაჭალაში უკვე ჩვენ ვართ ეროვნული უმცირესობა. არ ვაპირებთ გასვლას ამ ტერიტორიიდან, პრინციპულად არ ვაპირებთ. ალბათ კომბაინებს თუ მოიყვანენ, ასე ნანგრევებთან ერთად გაგვიტანენ.
რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრის მშენებლობა, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის აყრა და დაწიოკება?
კადრებშიც ვნახეთ როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს და როგორ გადაჰყურებდნენ ამ სოლოლაკის” – ამბობს ადგილობრივი მოსახლე
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მსგავსად ხდებოდა საბჭოურ დროსაც. მისი თქმით, ის, აც ხდება, “რეჟიმის ერთ-ერთი გადმონაშთია, რომელიც საჭიროებისამებრ ივანიშვილის მთავრობამ გააცოცხლა
“ეს არის მოგონილი თემა, ეს არის ბოლშევიკური გაცოცხლებული თემა, რომელიც გააცოცხლა ამ მთავრობამ. ისინი იმუქრებიან, მაგრამ კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ საბჭოთა კავშირში ვარ, ანუ საბოწეთში ვართ და კომუნისტურ რეჟიმში ვართ. ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი გადმონაშთი, რომელიც საჭიროებისამებრ ივანიშვილის მთავრობამ გააცოცხლა” – ამბობს ადგილობრივი.
იურისტები სვამენ კითხვას, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კულტურის ცენტრის მშენებლობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტად, რის საფუძველზეც მოქალაქეებს საკუთრების ჩამორთმევა ეხებათ.
