ფინანსური დავები ქვეყანაში ქურდული გარჩევებით წყდებოდა. დაკავებულია კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფება.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე „ტურიკელა“, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. „მაყურებლების“ — „ფაიფურასა“ და „გრიშიჩის“ დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის „ტურიკელაზე“, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ „ფაიფურა“ და „გრიშიჩი“. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.
საქმის მასალებით, „ტურიკელასთან“ გარჩევის სანაცვლოდ პროცენტული წილი გადადიოდა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპზე არ ასახელებს თანხის ოდენობას. ასევე, მითითებულია, რომ თანხის არგადახდის ან დაგვიანების შემთხვევაში, დაპირისპირებულ მხარეებზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორების ან სიცოცხლის მოსპობის მუქარით.
