გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა პოლიციელს ცულით დაზიანებები მიაყენა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.
ადგილზე მისულმა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ბრალდებულის დაკავება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მიზნით, ერთ-ერთ პოლიციელს ცული მოუქნია და სცადა თავში ჩაერტყა მისთვის, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დაზარალებულმა თავზე აიფარა ხელი, რის გამოც ხელის არეში ჭრილობა მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
