აფგან სადიგოვის საქმე – იურისტები ამბობენ, რომ ქართველ მოსამართლეს არ ჰქონდა იმის უფლება და პრეროგატივა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება თვითნებურად შეეცვალა.
მათი თქმით, მინიმუმ კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო და საქმის კურსში ჩაეყენებინათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
საიას ხელმძღვანელის თქმით, სადიგოვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მის გაძევებას ქვეყნიდან, არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
“სადიგოვის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მის გაძევებას ქვეყნიდან, არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. თავად ევალებოდა მოსამართლეს მათ შორის ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, ზოგადად, როდესაც სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას გამოსცემს, ეს არის ძალიან ექსკლუზიური, განსაკუთრებული ზომა, რომელიც გამოიცემა მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს შესაძლოა, დაემუქროს წამება, ან სიცოცხლის მოსპობა, თავად ამ დროებითი ღონისძიების გამოცემა, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან, მიუთითებდა და დეკლარირებას ახდენდა, იმ გარდაუვალი ზიანის რისკისა, რომელიც სადგიოვს შეიძლება დამუქრებოდა, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. ამიტომაც, დროებითი ღონისძიება, თავის მხრივ, ამ რისკის იდენტიფიცირებას ახდენდა და ეს რისკი არსად გამქრალა. საქართველო, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო, რომ მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთვის ეცნობებინა განვითარებული მოვლენების შესახებ” – ამბობს თამარ ონიანი.
ყოფილი სახალხო დამცველი კი ამბობს, რომ ალიევის საქართველოში ვიზიტი, საეჭვოდ ემთხვევა სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების პროცესს.
“ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნა დარღვეული, ქართული მხარის მხრიდან, რადგან მათ ჰქონდათ ვალდებულება, დაეცვათ მისი უფლებები და მისი ამ ფორმით მითუმეტეს, როდესაც საქმე არ არის დასრულებული, მისი ქვეყნიდან გაყვანა იყო დაუშვებელი. ზოგადად, რაც მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებით, არის პრობლემური, რადგან ხაზს უსვამს საქმის პოლიტიზაციას. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ის, რომ იგრძნობა აქ შეთანხმება აზერბაჯანულ ხმარესთან, დღეს უკვე ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის. ის, რომ აზერბაიჯანში მას მოეხსნა შესაბამისი სტატუსი და შესაძლებელი გახდა მისი გადაყვანა აზერბაიჯანში, ერთ ღამეში მისი დაკავება, სასამართლო, ყველაფერი ფორსირებულ რეჟიმში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს საქმე ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმეა” – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.
