რომის პაპმა ლეო XIV-მ სააღდგომო ქადაგებისას მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, უარი თქვან კონფლიქტებზე და უპირატესობა მშვიდობას მიანიჭონ.
„ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ კონფლიქტის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვევედროთ უფალს, რომ თავისი მშვიდობა მიანიჭოს ომებით განადგურებულ სამყაროს. დაე, მათ, ვისაც იარაღი აქვთ, დადონ ის. დაე, მათ, ვისაც ომის დაწყების ძალა აქვთ, მშვიდობა აირჩიონ. არა ძალით დაწესებული მშვიდობა, არამედ დიალოგის გზით. არა სხვებზე ბატონობის სურვილით, არამედ მათთან შეხვედრის სურვილით“,- განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც მრევლს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართა.
რომის პაპმა მიმართვის დროს გაიმეორა გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს ფრაზა „გულგრილობის გლობალიზაციის“ შესახებ და აღნიშნა, რომ ადამიანები ეჩვევიან ძალადობას, ეგუებიან მას და გულგრილები ხდებიან.
წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან წარმოთქმული ტრადიციული ლოცვა-კურთხევის დროს პაპმა სააღდგომო მშვიდობის შესახებ გზავნილები 10 ენაზე, მათ შორის არაბულ, ჩინურ და ლათინურ ენებზე, წარმოთქვა.
