ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენით საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე ფასი ყოველდღიურად იზრდება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ, რომელიც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედის გამტარია, ნავთობპროდუქტების ფასი გლობალურად საშუალოდ 60%-ით გაიზარდა. ბოლო კვირების განმავლობაში საწვავი ძვირდება საქართველოშიც. ნავთობკომპანიები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერც სამომავლოდ აკეთებენ. თუკი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორ კვირაში ბენზინი დამატებით ჯამურად 30 თეთრამდე, ხოლო დიზელი 40-50 თეთრამდე გაძვირდეს – ინფორმაცია bm.ge ავრცელებს.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე ფასის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქციის ღირებულებაზე, შესაბამისად იმპორტიორი კომპანიები იძულებულნი არიან მომწოდებლებისგან გაძვირებული პროდუქცია იყიდონ. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიები ფასების ზრდისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს, თუმცა თუ საწვავზე ფასი არ შემცირდა, ბიზნესი იძულებული იქნება გაზრდილი ხარჯები პროდუქციის ღირებულებაში ასახოს.
“რიგ პროდუქციაზე გარკვეული ცვლილებების შესახებ საერთაშორისო მომწოდებლებმა კომპანიებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ფასები ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის, მაგრამ თუ ეს პროცესი ამ ფორმით გაგრძელდა და საწვავის ფასი არ იქნება დაბალ ნიშნულზე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეს პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.
შიდა ლოგისტიკურ ხარჯშიც საწვავი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით სადისტრიბუციო კომპანიისთვის, რომლის ყოველდღიურ საქმიანობასაც სწორედ ლოგისტიკური მომსახურების გაწევაა. ფასის ცვლილებებისგან კომპანიები თავს იკავებენ, მაგრამ გაგრძობად პერიოდში, რა თქმა უნდა, საწვავის ღირებულება ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვის ღირებულება და საერთაშორისო მომწოდებლის მიერ გაზრდილი ფასი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იმ ფასის ცვლილებაში, რაც მომხმარებელს შეიძლება დახვდეს თაროზე.
თუკი უახლოეს პერიოდში გარკვეული სტაბილურობა არ შეიძინა საწვავის ფასმა და პირიქით, პროგრესირებადი ზრდა გაგრძელდა, ეს უფრო დააჩქარებს პროცესს, რომ კომპანიებმა გაზრდილი ხარჯი ასახონ პროდუქციის იმ ფასში, რაც დღეს თაროზე გვაქვს”, – აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
